-დამლოცავთ, მამაო? -ღირსი ხარ, შვილო ჩემო -არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, შვილო... -დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო... -და უძლეველი, შვილო ჩემო... -რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო? -სადაც აირჩევ, შვილო. -ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები? -შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი! -მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ წავალ... -ჯერ არ ყოფილა, შვილო, დასავლეთში მიმავალი, აღმოსავლეთში მისულიყო... -მეშინია მამაო, გზა რომ შემეშალოს?! მზე რომ არ ამოვიდეს? -ქრისტეს სიტყვები გიმეგზურებენ, შვილო... -დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო... -და კაცთმოყვარე, შვილო ჩემო... -მაინც მეშინია, მამაო... -რისი შვილო? -მარტოობის და უსიყვარულობის, მამაო... -ოო, მაგის მეც მეშინია შვილო ჩემო, მაგრამ არასოდეს არ ვართ მარტონი! -როგორ არა მამაო, აი თუნდაც ახლა... -არ ხარ მარტო! ღმერთია შენთან, შვილო... -რა იცით, მამაო? -ღმერთი ყველგან და ყველასთანაა, ვინც ეძიებს მას, შვილო ჩემო! -მამაო, თქვენ ჩემთან ხართ და გხედავთ კიდეც. თუ ღმერთიც ჩემთანაა, რატომ ვერ ვხედავ მას? -გაახილე თვალები შვილო... -ვხედავ მამაო... -ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო.
|