ამერიკელი დემი ლოვატო სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მაყურებელმა 2012 წლის ყველაზე საყვარელ პოპმომღერლად დაასახელა. დემიმ რიანასა და ბიონსესაც კი გადაუსწრო. "სახალხო არჩევანი" (People's Choice Awards) ამერიკის შოუბიზნესში ერთ-ერთი ჯილდოა, რომლის ლაურეატებს საერთო ეროვნული კენჭისყრით განსაზღვრავენ.
დენმი ლოვატომ თავდაპირველად აშშ-ში პოპულარობა კინოში შესრულებული როლებით მოიპოვა, თუმცა პირადმა დრამამ, საჯარო შეურაცხყოფებმა და ხანგრძლივმა დეპრესიამ აიძულა, ჰოლივუდთან კავშირი გაეწყვიტა და თავით გადაშვებულიყო მუსიკაში.
გასული წელი გოგონასთვის ჩიკაგოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში დაიწყო, რის შემდეგაც მან კონტრაქტი გაწყვიტა სერიალთან "მიეცით სანის შანსი". დემის არც ისე მარტივი ძიების შედეგად იქცა მისი რიგით მესამე ალბომი "გაუტეხავი", რომელიც 2011 წლის სექტემბერში გამოჩნდა. პირველი სიმღერა ამ ალბომიდან "ცათამბჯენი", რომლის პრემიერა 2011 წლის ივლისში შედგა, მაშინვე მოხვდა ამერიკის ჰიტათეულში.
დემი - მსახიობი
დემეტრია დევონ "დემი" ლოვატო 1992 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ამერიკის ქალაქ დალასში. მას მექსიკური ფესვები აქვს მამისგან და ირლანდიურ-იტალიური - დედის მხრიდან. დემის ჰყავს უფროსი და დალას ლოვატო და უმცროსი ნახევარდა. დედამისი დიანა ჰარტ დე ლა გარცა ქანთრის მომღერალი იყო. დემის მამას მალევე გაეყარა და მას მერე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
ბავშვობიდან გამოავლინა დემიმ მუსიკისა და მსახიობობის ნიჭი, რის გამოც გამუდმებით ხან ტელევიზიებში იყო და ხან კონცერტებზე. ფორტეპიანოზე 7 წლიდან უკრავდა. დატვირთული გრაფიკის გამო სკოლაში თითქმის არ უვლია და უფროსი კლასების დიპლომი ექსტერნად აიღო.
სამსახიობო კარიერა დემიმ 7 წლისამ დაიწყო, როცა ანჯელას როლი შეასრულა სერიალში "ბარნი და მეგობრები", სადაც კიდევ ერთ თანატოლს, მომავალში ასევე ცნობილ მსახიობსა და მომღერალს, ჯასტინ ბიბერის საცოლე სელენა გომესს გაუწია პარტნიორობა. ამ ფილმის შემდეგ დემი და სელენა დამეგობრდნენ და დღემდე მეგობრობენ. 2006 წელს დემი მიწვეული ვარსკვლავი იყო რამდენიმე სერიალში, "უბრალოდ ჯორდანის" ერთ-ერთ სეზონშიც გამოჩნდა.
თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვა მიტჩი ტორესის როლით კომპანია "დისნეის" ფილმში "როკი საზაფხულო ბანაკში" და "როკი საზაფხულო ბანაკში-2". ასევე მთავარ როლს ასრულებდა "დისნეის" არხის სერიალში "მიეცით სანის შანსი". 2009 წელს მთავარი როლი ითამაშა ფილმში "პრინცესების დაცვის პროგრამა". სადაც ის და სელენა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე.
დემი - მომღერალი
როგორც მომღერალს დემის 2008 წელს ჰქონდა დებიუტი. ბლუზის სახლებსა და ლაივ-ტურებში დადიოდა, სადაც ალბომისთვის ამზადებდა სიმღერებს. თავადვე მღეროდა ფილმში "როკი საზაფხულო ბანაკში". ამავე წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Don't Forget, რომლის 89 ათასი ასლი გაიყიდა პირველივე კვირაში. ამ ალბომში შევიდა დემის დუეტი ჯო ჯონასთან, ჯგუფიდან Jonas Brothers. მათი დუეტი საკმაოდ წარმატებული იყო და ბილბორდებში პირველ ადგილებზე ხვდებოდა. ამ ურთიერთთანამშრომლობას ისიც მოჰყვა, რომ დემი და ჯო მეტისმეტად დამეგობრდნენ და მცირე ხანს შეყვარებულებიც იყვნენ. თუმცა ეს ურთიერთობა დაშორებით დამთავრდა.
2009 წელს მეორე ალბომიც გამოვიდა, რომელიც პირველ კვირაში 108 ათას ეგზემპლარად გაიყიდა და ამერიკული ბილბორდების პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომების წარმატებას საკონცერტო ტურები მოჰყვა სანტიაგოსა და ჩილეში, რომელიც 2010 წლის 27 მაისს ბრაზილიაში დამთავრდა.
დემის People's Choice Awards-ში 2011 წელსაც ჰქონდა მოპოვებული ჯილდო - 2011 წელს ამერიკელმა ხალხმა აირჩია ნომინაციაში "საყვარელი მოწვეული ვარსკვლავი". ასევე მიიღო ჯილდო ფილმისთვის "როკი საზაფხულო ბანაკში".
კლინიკა
მუსიკოს ჯო ჯონასთან დაშორების შემდეგ დემის საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგა, თუმცა უკანასკნელ წვეთად იქცა საჯარო შეურაცხყოფა, რომელიც დემის ერთ-ერთმა მოცეკვავემ მიაყენა - სცენაზე სახეში ხელი გაარტყა. გარდა ამისა, მის პრობლემებს დაემატა სცენისა და ეკრანის გამო მუდმივად დიეტაზე ყოფნისგან დაზიანებული ჯანმრთელობა - ბულემიისა და ანორექსიის შემოტევები ჰქონდა, რასაც დეპრესია დაერთო.
მოგვიანებით დემი ჩიკაგოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში დაწვა, სადაც სამი თვე გაატარა. 2011 წლის თებერვალში წამოვიდა იქიდან, წამოვიდა სერიალიდან "მიეცით სანის შანსი" და მთლიანად მუსიკალურ კარიერას დაუთმო დრო.
ცოტა ხნის წინ დემიმ პირადი ცხოვრების დალაგებაც დაიწყო, უილმერ ვალდერამას ხვდება და თავს კარგად გრძნობს. ახლახან მიღებული პრესტიჟული ჯილდოც იმის პირობაა, რომ მისი კარიერა და პირადი ცხოვრება კვლავ აღმა წავა.
|