ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.[3]
კახეთში - 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები". ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა", რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას" აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
|