მილა იოვოვიჩი (მილიცა იოვოვიჩი, რუს. Милица Йовович) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთი სამეცნიერო ფანტასტიკური და ეკშენის ჟანრის ფილმში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა; პირველად გამოჩნდა ჟურნალ „ლეის" გარეკანზე. 1988 წელს პირველად მიიღო პროფესიონალური სამსახიობო როლი სატელევიზიო ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში"; იმავე წელს ითამაშა ფილმში „ორი მთვარის შერწყმა". რამდენიმე უმნიშვნელო სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, 1989 წელს როლი მიიღო ფილმში „ცოლიანი, შვილებთან ერთად". პოპულარობა მოუტანა ფილმმა „დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში". 1992-1993 წლებში შესაბამისად ითამაშა ფილმებში „კაფსი" და „კაიფში და არეულობაში". შემდეგ, რამდენიმე ხნით ეკრანს ჩამოშორდა. 1997 წელს ბრიუს უილისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „მეხუთე ელემენტი", ხოლო ორი წლის შემდეგ ფილმში „ჟანა დ`არკი". აღსანიშნავია აგრეთვე ოთხ ნაწილიანი ფილმი „ბოროტების სავანე", რომლის მეხუთე ნაწილის გამოშვება 2012 წელსაა დაგეგმილი.
მილა იოვოვიჩი დაიბადა 1975 წლის 17 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, მამამისის ბოგდან იოვოვიჩის, ეროვნებით სერბი პედიატრისა და დედამისის თეატრის მსახიობის ეროვნებით რუსის გალინა ლოგინოვას ოჯახში. აღიზარდა რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებით. 1980 წელს, როდესაც მილა 5 წლისა იყო მისმა ოჯახმა პოლიტიკური მიზეზების გამო საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქ ლონდონში გადავიდა. მოგვიანებით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, ჯერ საკრამენტოში (კალიფორნიის შტატი), ხოლო შემდეგ ლოს-ანჟელესში.1980-იან წლებში მილას მშობლები მოსამსახურედ მუშაობდნენ რეჟისორ ბრაიან დე პალმას სახლში. როდესაც მილა 15 წლისა იყო მამამისი არაკანონიერი სამედიცინო დაზღვევის გამო დააპატიმრეს და 1994 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 1999 წელს ციხიდან გაანთავისუფლეს. შტატებში დაბინავების შემდეგ მილა სწავლობდა სახელმწიფო სკოლაში და სულ რაღაც 3 თვეში ადვილად აითვისა ინგლისური ენა.სკოლაში სწავლების დროს თანაკლასელები მას აჯავრდებდნენ რამეთუ იგი იყო ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან.12 წლის ასაკში მილამ სკოლა მიატოვა რათა სამოდელო კაირიერით დაკავებულიყო. 1994 წელს მილა იოვოვიჩი გახდა აშშ-ის მოქალაქე.
9 წლის ასაკში სიარული დაიწყო სამოდელო სინჯებზე. იგი აღმოაჩინა ჯინ ლემიუელმა, როდესაც იგი იღებდა იოვოვიჩის სატესტო ფოტოსურათებს, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნული ფოტოსურათები ლოს-ანჟელესში უჩვენა ჰერბ რიტს. მომდევნო დღეს, რიტსმა დაჯავშნა იოვოვიჩის სურათები იტალიური ჟურნალის ლეის გარეკანისთვის. მოგვიანებით იოვოვიჩი გამოჩნდა ჟურნალ The Face-ის გარეკანზე, რომელმაც მისცა საშუალება იოვოვიჩს გაეფორმებინა კონტრაქტი Vogue და Cosmopolitan-ის ჟურნალებთან. მას შემდეგ იოვოვიჩმა დაამშვენა დაახლოებით ასამდე სხვადასხვა ჟურნალის გარეკანი.
1985 წელს ჩააბარა კალიფორნიის პროფესიონალ სამსახიობო სკოლაში. 1988 წელს პირველად შეასრულა როლი ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში". იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ორი მთვარის შერწყმა". 1992 წელს კრისტიან სლეიტერთან ერთად ითამაშა ფილმში „კაფსი". სხვა კინოროლებიდან აღსანიშნავია: „მეხუთე ელემენტი", „ჟანა დ`არკი", „მეოთხე სახეობა", „სახეები ბრბოში" და სხვ.
სამსახიობო და სამოდელო კარიერასთან ერთად, იოვოვიჩმა 1994 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი The Divine Comedy. იგი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აგრძელებს სიმღერების დემო-ვერსიების გამოშვებას და ხელს უწყობს ფილმებისთვის დაწერილი საუნდტრეკების შექმნას. 2003 წელს კარმენ ჰოკთან ერთად შექმნა ტანსაცმლის ხაზი Jovovich-Hawk, რომელმაც 2008 წლამდე იარსება. მილა იოვოვიჩი არის საპროდიუსერო კომპანიის Creature Entertainment-ის მფლობელი.
პატარა მილა
მილა და თავის ოჯახი
Milla, Paul WS Anderson & Ever Anderson