"ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების" მორიგი ცერემონიის კიდევ ერთი სიურპრიზი იყო მომღერალ ნიკი მინაჟის დაჯილდოება ისეთ ტრადიციულ მამაკაცურ ჟანრში, როგორიცაა რეპი და ჰიპ-ჰოპი. ნიკი ამ ჟანრის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. ექსცენტრიკული გარეგნობის მომღერლისთვის ეს მართლაც დიდი ჯილდოა. გარდა ამისა, ნიკი 2011 წლის ამომავალ ვარსკვლავადაც აღიარეს.
ნიკი მინაჟის ნამდვილი სახელი ონიკა ტანია მარაჟია და ის 1982 წლის 8 დეკემბერს დაიბადა სენტ ჯეიმსში, ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკაში. მისი მშობლები ინდური და აფრიკული წარმომავლობისანი არიან. ათ წლამდე ცხოვრობდა ტრინიდადში ბებიასთან, რადგან მისი მშობლები ნიუ-იორკის შემოგარენში საცხოვრებლის ძიებით იყვნენ დაკავებული. დედა ხანდახან აკითხავდა შვილს, ბოლოს კი სულაც წაიყვანა აშშ-ში, კუინსში.
როგორც მინაჟი იხსენებს, არც ისე დალხენილი ცხოვრება ჰქონდა. მამამისი ხშირად სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა და ერთხელ ცოლის მოკვლასაც კი აპირებდა, სახლისთვის ცეცხლის წაკიდებით. ნიკი ბავშვობიდან მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული და ამიტომაც სწავლობდა Elizabeth Blackwell Middle School-ში, რომელიც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს იღებდა მხოლოდ. ამ სკოლაში ნიკი კლარნეტზე უკრავდა. მისი დამთავრების შემდეგ კიდევ ერთი სპეციალიზებული სკოლა გამოიარა და დრამის კურსებსაც ესწრებოდა აქტიურად. ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდა სერიოზულად სიმღერას, მაგრამ მნიშვნელოვანი გასაუბრების დღეს ხმა დაკარგა.
როგორც რეპერი და ავტორ-შემსრულებელი ლილ ვეინმა აღმოაჩინა, რომელმაც მისი რამდენიმე კომპოზიცია მოისმინა და 2009 წელს თავისი ლეიბლის სახელით მასთან კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ნიკიმ თავის სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. Pink Friday გამოსვლის პირველივე კვირაში აღმოჩნდა წარმატებული და გაყიდვებით "ბილბორდის" ჰიტაღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა.
იმავდროულად ნიკი პირველ მომღერლად იქცა ისტორიაში, რომლის შვიდი სიმღერა ერთდროულად მოხვდა "ბილბორდის" ასეულში. მისი მეორე სიმღერა Your Love, რეპსიმღერების ჰიტაღლუმების სათავეში მოექცა, რისთვისაც 2002 წლის შემდეგ არც ერთ რეპერ ქალს არ მიუღწევია.
|