-რატომ იტყუებიან ბავშვები?
მშობლებო, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ტყუილი ბავშვებში სავსებით ნორმალური მოვლენაა. მეტიც... როცა ბავშვი ტყუის, ეს იმის ნიშანია, რომ მას კარგად უვითარდება მეტყველება და წარმოსახვის დიდი უნარი აქვს. ბავშვების გამონაგონი - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტყუილს. ისინი იშვიათად იყენებენ ტყუილს გამორჩენის მიზნით. როგორც წესი, მიზეზი ბავშვის ტყუილისა არის აკრძალვები მშობლების მხრიდან. ხშირად სწორედ მშობლები უბიძგებენ შვილებს ტყუილისკენ, უყენებენ რა შეუძლებელ მოთხოვნებს.
წარმოიდგინეთ, ამ დროს პატარა დასჯის მოლოდინშია და სხვა გზა არ აქვს, თვითგადარჩენის მიზნით, მან უნდა მოიტყუოს. არსებობს "სასარგებლო ტყუილი", რომელსაც ბავშვი პირველობის მიზნით ან წარმატების მიღწევის სურვილით ამბობს. ეს უკანასკნელიც უფროსების მოლოდინის გამართლების შედეგად არის ნათქვამი. ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა და ამის უამრავი მაგალითი მაქვს: პატარა გოგონას, რომელიც ძალიან აქტიური იყო მეცადინეობების დროს, ერთხელ ლექსი დაავიწყდა. მან ჩათვალა, რომ არ გაამართლა მასწავლებლის იმედი (მე ხომ მუდმივად ვაქებდი, ვეუბნებოდი, რომ ის საუკეთესო იყო). დაიწყო ტირილი, აიტკია მუცელი, მოიკუნტა. სასწრაფოდ ექიმის კაბინეტისკენ გავეშურე. ექიმის მოსვლისთანავე პატარა გამოცოცხლდა, აღარც მუცელი სტკიოდა და აღარც ტიროდა. მაშინვე გამოტყდა, რომ კარგად იყო, უბრალოდ ლექსი დაავიწყდა.
ბავშვები ხშირად იტყუებიან დასჯის თავიდან აცილების, ყურადღების მიპყრობის ან თავდაცვის მიზნით. პატარა ცრუპენტელები ხშირად ყვებიან შეთხზულ ამბებს, რომელსაც როგორც ნამდვილს ისე "ასაღებენ". ხანდახან კი თვითონაც იჯერებენ ამას. ეს არც ტყუილია და არც მოტყუების მცდელობა, ამ ტიპის გამონაგონი უვნებელია და მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის წარმოსახვის განვითარებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში უმჯობესია გაირკვეს ამ ფანტაზიორობის მიზეზი. თუ ბავშვის ფანტაზია ყველანარ რეალობას სცილდება, აუცილებელია მისი დაბრუნება მიწაზე. რეკომენდაციები: მშობლებმა ბავშვს უნდა წაუყენონ რეალისტური, გონიერი, სამართლიანი მოთხოვნები; პატივი უნდა ვცეთ ბავშვებს, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. პირველ რიგში, თავად უფროსებმა უნდა მისცენ ბავშვს სხვისი პატივისცემის მაგალითი; უფროსებმა უნდა იცოდნენ, რომ ტრაბახა "ცრუპენტელა" ეს არის ბავშვი, რომელსაც შექება აკლია; მშობლებმა უნდა გადააბიჯონ სიმკაცრეს და ხშირად მოძებნონ ბავშვის შექების საბაბი. უფროსები უნდა იყვნენ გულწრფელნი. ბავშვები ინტუიციურად, ქვეცნობიერად ითვისებენ ურთიერთობის სტილს და იმავეთი პასუხობენ. როგორ ვასწავლოთ ბავშვს გულახდილობა პირველ რიგში, თავად უფროსები უნდა იყვნენ გულახდილნი. საგნებს უნდა დაარქვან თავისი სახელი. არ არის საჭირო ბავშვთან დაკითხვების, ხაფანგების მოწყობა - პირდაპირ უთხარით პატარას სათქმელი. ნუ მისცემთ მძაფრ რეაქციას ბავშვის მიერ ნათქვამ ტყუილს - დაუშვებელია ამ დროს ყვირილი, შეშფოთება, დასჯა, ისტერიკის მოწყობა. ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ ტყუილი არ არის აუცილებელი. ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც ენდობა მშობელს, არ ეშინია მისი რისხვის ან განსჯის,დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მას არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. დაარწმუნეთ, რომ მის მხარეს ხართ. დასჯის შემთხვევაშიც კი, აჩვენეთ, რომ ეს სამართლიანი იყო, რადგან პატარებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა.
|