სელენა გომესი თინეიჯერების ახალი კერპია. მომღერალი და მსახიობი, ”თანამედროვე კონკია”, ჩაცმის თვალსაზრისითაც სამაგალითოდ იქცა და მის სტილს ბევრი მოზარდი გოგონა სანიმუშოდ მიიჩნევს.
სელენა 1992 წლის 22 ივნისს დაიბადა ნიუ-იორკში. ადრეულ ასაკში მშობლებთან ერთად ნიუ-იორკიდან პატარა ქალაქ გრანდ პრაირიში გადავიდა. სხვათა შორის, დედამისმა, მენდიმ, სელენა 16 წლისამ გააჩინა და ისინი უფრო მეგობრებივით იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე დედა-შვილივით. გარკვეული დროის შემდეგ დედამ მამა მიატოვა და ისინი ერთად წავიდნენ სახლიდან. მენდი მეორედ გათხოვდა ბრაიან ტიფიზე. მამინაცვალთან სელენას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს.
სელენა ძირითადად კომედიურ და საოჯახო ფილმებში მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა თოქშოუში. ძირითადად რამდენიმე სერიალითა და სრულმეტრაჟიანი ფილმით არის ცნობილი, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ”კიდევ ერთი ამბავი კონკიაზე”, რის მერეც მეტსახელად კონკიასაც ეძახიან. გარდა ამისა იყო თინეიჯერული ფილმები ”პრინცესების დაცვის პროგრამა”, ”ჰანა მონტანა” ”ჯაშუშების შვილები-3. თამაში დასრულებულია”. 2009 წელს გამოვიდა ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმი
”ჯადოქრები ვაივერლი პლეისიდან”. 2010 წელს სელენამ მთავარი როლი შეასრულა ფილმში ”რამონა და ბიზუსი”, ასევე მთავარ როლი ითამაშა ფილმში ”მონტე კარლო”, რომელიც 2011 წელს გამოვიდა ეკრანებზე. სანამ დისნეის მოზარდთა ფილმებში გამოჩნდებოდა (სწორედ დისნეის არხის გადაცემა ”ვარსკვლავური ფაბრიკის” ერთ-ერთი გამოშვების შემდეგ გახდა წარმატებული 15 წლის ასაკში), მანამდე დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. ერთ-ერთი საბავშვო როლი ითამაშა ხუთი წლისამ, ფილმში ”ბარნი და მეგობრები”. 2008 წელს ”ჰოლივუდ რეკორდსთან” გააფორმა კონტრაქტი და თავისი მუსიკალური წვლილი შეიტანა მულტფილმში ”ფერია”, ფილმში ”კიდევ ერთი ამბავი კონკიაზე” და ა.შ. მისი სიმღერის ნიჭი რეჟისორებმა და პროდიუსერებმა სათანადოდ გამოიყენეს.
თავის ჯგუფთან ერთად Selena Gomez & The Scene თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა Kiss & Tell, რომელიც აშშ-ში 2009 წლის სექტემბერში გამოვიდა.
სელენა თავისი სანიმუშო საქციელითაც არის ცნობილი. არ ეხვევა სკანდალებში, არ სვამს, არ ეწევა, მეტისმეტად გულახდილ ფოტოსესიებში არ მონაწილეობს. უბრალოდ, კინოში თამაშობს.
ამას წინათ სელენამ ისიც კი განაცხადა, რომ ქორწინებამდე ქალწულობის შენარჩუნებას აპირებს: ”მამას ვთხოვე, ბეჭედი მიყიდოს, რომ ფიცის დადება შევძლო. ბეჭედი ეკლესიაში დატოვა. ახლა სხვა ბავშვებისთვის მაგალითი ვარ. ჩემი პირობის, საკუთარი თავისა და ღმერთის ერთგული ვიქნები”.
|