ლონდონში, 21 თებერვალს 2012 წლის მუსიკალური პრემიიის Brit Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლის ბრიტანულ ალბომად ადელის დისკი "21" დასახელდა. მან ასევე "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაციაში გაიმარჯვა. ადელი კონკურსში Brit Awards სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
როდესაც 23 წლის მომღერალი სცენაზე ავიდა, რათა ჯილდო აეღო, სიტყვა წარმოთქვა, რომელიც წამყვანმა ჯეიმს კორდენმა შეაწყვეტინა. ვარსკლავი იმდენად გააღიზიანა ამ ფაქტმა, მან შუა თითი აწია. ამ უცენზურო ჟესტამდე კი მომღერალმა რამდენიმე სიტყვის თქმაც მოასწრო.
"არაფერი შეედრება სახლში ექვსი გრემით დაბრუნებას და შემდეგ კი ბრიტანეთში ჩამოსვლას და საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გამარჯვებას", - განაცხადა ადელმა.
Brit Awards-ის გადაცემის ცერემონიაზე ედ შირანი დააჯილდოვეს, რომელიც ოთხი ჯილდოს პრეტენდენტი იყო და საბოლოოდ ორ კატეგორიაში- "გარღვევა" და "საუკეთესო მომღერალი" გაიმარჯვა.
საუკეთესო ბრიტანულ სიმღერად ჯგუფი One Direction-ის კომპოზიცია "What Makes You Beautiful" დასახელდა. ნომინაციაში "საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი" Coldplay-მ გაიმარჯვა. ბრუნო მარსმა და რიანამ, როგორც "საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლებმა" მოიპოვეს ჯილდო. Foo Fighters საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფი გახდა, ხოლო ამერიკელი პოპ-მომღერალი, ლანა დელ რეი "საერთაშორისო გარღვევად" დაასახელეს.
საპატიო ჯილდო მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯგუფ Blur-ს გადაეცა. Brit Awards 2012-ის ნომინაციაში "კრიტიკოსების არჩევანი" R&B და სოულ-მომღერალმა, ემელი სანდემ (Emeli Sande) გაიმარჯვა.