სამეჯლისო მოცეკვავე, ოთო ფოლადაშვილი, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ნუკი კოშკელიშვილის მეწყვილე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დატოვეს, დღემდე მათ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. ოთო ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ აცხადებს, რომ ბუნებით ლიდერია და გვერდითაც სწორედ ასეთი ქალი სჭირდება, ანუ მისი რჩეული ვერ გახდება რიგითი გოგონა, ის ყველაფრით გამორჩეული უნდა იყოს – ხასიათით, გარეგნობით, პროფესიონალიზმით. მართალია, ასეთის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ ოთოს იმედი აქვს, რომ ბედი მას სადმე აუცილებლად შეახვედრებს.
– ოთო, თქვენი გული თავისუფალია?
– არა, შეყვარებული არ ვარ. ვერ გეტყვით, რატომ, რა მიზეზით, მაგრამ ჯერჯერობით არავინ მიყვარს. რა თქმა უნდა, როცა სიყვარული მეწვევა, მივიღებ.
– ცეკვაში თქვენი პარტნიორის, ნუკი კოშკელიშვილის ტიპის გოგონები თუ არიან თქვენი გემოვნების?
– კი, მისნაირი გოგონები ძალიან მომწონს და ჩემს გემოვნებასაც სრულებით აკმაყოფილებენ, თუმცა ჩემს ყურადღებას სხვანაირი გოგონებიც იქცევენ. ერთი ტიპი არ მაქვს არჩეული.
– პირველ რიგში, ქალში რას აფასებთ?
– ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი საქმე და იმ საქმეში პროფესიონალი უნდა იყოს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პარტნიორი თავის საქმეში მეორე და მესამეხარისხოვანი არ უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პროფესია ექნება, ოღონდ კარგ საქმეში უნდა იყოს.
– არადა ქართველ ბიჭებს კარიერისტი ქალები დიდად არ ხიბლავთ.
– მე – პირიქით, ეს მომწონს. მომწონს, როცა ვხედავ, რომ ქალს თავისი საქმე აქვს, როცა ცდილობს, ყოველდღე უკეთესი გახდეს და გაიზარდოს. ამას ყველა ადამიანში ვაფასებ. ვთვლი, რომ ქალს თავისი საქმე და პროფესია უნდა ჰქონდეს. არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ადამიანზე და სახლში არ უნდა იჯდეს. მე ჩემს საქმეში ვიქნები პროფესიონალი, ის თავის საქმეში უნდა იყოს.
– თქვენც ლიდერის ტიპი ხართ?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიქნები პოპულარული. შეიძლება რაღაც სიტუაციაში სულაც არ იცეკვო, მაგრამ მე არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. სადაც კი შეხება მქონია, იქ მეორეხარისხოვანი არასოდეს ვყოფილვარ.
– მოგეწონებათ, გვერდით თქვენზე ბევრად წარმატებული ქალი რომ იდგეს?
– არა, რა თქმა უნდა. ქალი ჩემზე ბევრად წარმატებული იყოს და მის გვერდით მე არაფერი გამოვჩნდე, ეს მიუღებელი იქნება ჩემთვის. როცა მე აღარაფერი ვიქნები მის გვერდით, ეს უკვე ძალიან ცუდი იქნება და თავს უხერხულად ვიგრძნობ.
– მაღალინტელექტუალური გოგონები მოგწონთ?
– ძალიან მომწონს. გეტყვით, რომ ეს გადამწყვეტი თუ არა, ჩემთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალის შეფასებაში. არ მიყვარს შტერი გოგონები, რომლებსაც არაფერზე შეუძლიათ საუბარი.
– შეგიძლიათ მალევე მიხვდეთ, ქალს როგორი ინტელექტი აქვს?
– ორ და სამ წუთში ამას ალბათ ვერ მიხვდები. შეიძლება თვალებში ჩახედვით ვერ გავიგო, მაგრამ, თუ ურთიერთობა გაგრძელდება, თავისთავად გამოჩნდება, როგორია ეს გოგო. ცოტა ხნის შემდეგ უკვე ვხვდები, რა ფსიქოლოგიის, ღირებულებების არის. თუ ის ჩემთვის მისაღები იქნება, მაშინ ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდება.
– ოდესმე გყვარებიათ?
– შეყვარებული მყავდა. ახლა ვერ გეტყვით, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ იმ პერიოდში მეგონა, მართლა მიყვარდა. ჩვენ შორის დღეს უკვე არაფერი ხდება, დიდი ხნის წინ დავშორდით.
– მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოჩნდით, გოგონებში ალბათ ძალიან პოპულარული გახდით.
– კი, ძალიან. ახლავე ჩაგირთავთ "ფეისბუქს" და ნახეთ, იქ რა ხდება. ყველას ერთად ვერ ვამატებ, ძალიან ბევრნი არიან. მაგრამ ვცდილობ, მეგობრებში ყველა დავამატო.
– ვინმეს ხომ არ დაადგით თვალი?
– ასე, გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ ვინმეს თვალი დავადგი, მაგრამ არიან ისეთები, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობა გაგრძელდეს. ჯერჯერობით კი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
– როგორი გარეგნობის გოგონები მოგწონთ?
– სტანდარტები არ მაქვს, არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა, ქერა ან შავგვრემანი იყოს. ქალი მომხიბვლელი, ეშხიანი და გამორჩეული უნდა გახლდეთ. არ მინდა, რომ ჩემი ქალი რიგითი, მასის ნაწილი იყოს. მას ინდივიდუალიზმი უნდა გააჩნდეს, რომ დამაინტერესოს. პირველ რიგში კი, ვიზუალურად უნდა გამოირჩეოდეს.
– ქალს უხდება დიასახლისობა?
– თუ კარგად გამოსდის ეს საქმე, რა თქმა უნდა, მოუხდება. ქალს რაღაცეების კეთება უნდა შეეძლოს სახლში, მაგრამ მთლად სამზარეულოზეც არ უნდა იყოს გადამკვდარი. ჩაის ადუღება, კარტოფილის შეწვა და ელემენტარული კერძების გაკეთება უნდა ეხერხებოდეს, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ.
– იდეალური ქალები არსებობენ?
– არ ვიცი. სასიამოვნო იქნება, თუ ასეთ ქალს წავაწყდები.
– მოგწონთ, როცა გოგო დგამს პირველ ნაბიჯებს მამაკაცთან ურთიერთობაში?
– გარკვეულწილად მომწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორად გადადგმული ნაბიჯები და იმ შემთხვევაში იქნება სასიამოვნო მამაკაცისთვის. როცა ეს ყველაფერი გულის შეღონებაში გადადის და უკვე თავს გაბეზრებს, ძალიან ცუდია. არ ვთვლი, რომ პირველი ნაბიჯები აუცილებლად ბიჭმა უნდა გადადგას. ეს გოგომაც შეიძლება გააკეთოს, მაგრამ დოზას გააჩნია.